LIVE

რა რისკებს შეიცავს რუსეთიდან გადმორიცხული თანხის განაღდება - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

07 თებ 202314:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1242
რა რისკებს შეიცავს რუსეთიდან გადმორიცხული თანხის განაღდება - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში მოქმედი ბანკების მომხმარებლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. ასოციაციის თანახმად, აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება.

საბანკო ასოციაცია მსგავს მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ეს ქმედება შესაძლოა მათი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

„საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოში ლიცენზირებული კომერციულ ბანკების სახელით, აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების მიმართ, შესაძლოა, დადგეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე, კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი წესების და ნორმების გათვალისწინებით მომხმარებლის მსგავსი შინაარსის ქმედებები შესაძლოა მისი ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

გარდა ზემოთქმულისა, ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალურობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოუწოდებს მომხმარებლებს გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან“,- აღნიშნულია განცხადებაში.