LIVE

პუტინმა კომპანიებზე კონტროლის გაზრდის მიზნით, ახალი განკარგულება მიიღო

04 მარ 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 341
პუტინმა კომპანიებზე კონტროლის გაზრდის მიზნით, ახალი განკარგულება მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გაამკაცროს კონტროლი კომპანიებზე, რომლებიც, საომარი მდგომარეობის  გამოცხადების შემთხვევაში, თავდაცვის კონტრაქტებს დაარღვევენ.

ეს, კრემლის მხრიდან, ეკონომიკის მილიტარიზების მიმართულებით გადადგმული უახლესი ნაბიჯია.  

განკარგულების თანახმად, თუ კომპანიები, საომარი მდგომარეობის პერიოდში, დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მაშინ სახელმწიფოს შეეძლება, რომ მის მფლობელებსა და აქციონერებს უფლებამოსილება შეუჩეროს. ასეთ ვითარებაში კომპანია გარე მენეჯმენტის მართვის ქვეშ გადავა. 

ამასთან, მთავრობას დაევალა, რომ საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შექმნას. 

კრემლს საომარი მდგომარეობა გამოცხადებული აქვს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში (ყირიმის გარდა). რუსეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, მდგომარეობის სხვა ტერიტორიაზე გავრცელება ამჟამად დაგეგმილი არ არის. 

გასულ წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილებები, რამაც მთავრობას კომპანიების კონტროლის უფლებამოსილება გაუზარდა. ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს, ჩაერიოს კომპანიების საქმიანობაში და მიუთითოს რა პროდუქტი აწარმოოს. თუმცა, მას ეს ცვლილება მასშტაბურად ჯერ არ გამოუყენებია.