
ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მისი ქონება ახლა $187.1 მილიარდს შეადგენს და სიის პირველ ადგილს იკავებს.
Tesla-ს აქციების მკვეთრი ვარდნის შემდეგ, მან ეს ადგილი დეკემბერში დაკარგა. მასკს LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანგმა ბერნარ არნომ გაუსწრო. ამჟამად არნოს ქონება $185 მილიარდს შეადგენს.
მიმდინარე წელს Tesla-ს აქციებმა ზრდა განაგრძო. გუშინ ნიუ-იორკში 16:00 საათისთვის კომპანიის ერთი აქციის ფასი 5.5%-ით გაიზარდა და $207.63-ს მიაღწია.
გასულ წელს ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა. 2022 წლის 3 იანვარს მისი ქონება $304 მილიარდს შეადგენდა.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში ბერნარ არნოს მოსდევს ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება $117 მილიარდადაა შეფასებული. მე-4 ადგილს $114 მილიარდით ბილ გეიტსი იკავებს. მე-5 ყველაზე მდიდარი ადამიანი კი უორენ ბაფეტია, რომელიც $106-მილიარდიან ქონებას ფლობს.