LIVE

CFD მექანიზმის ფარგლებში პირველი აუქციონი გამოცხადდა

13 თებ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 931
CFD მექანიზმის ფარგლებში პირველი აუქციონი გამოცხადდა

განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიმძლავრის აუქციონი მთავრობის დადგენილების შესაბამისად გამოცხადდა და მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: 

  • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
  • ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
  • მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
  • სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

„მთავრობის მიერ დაანონსებული განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა. ის წარიმართება კონკურენტულ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილ გარემოში, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის მიღებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მხარდაჭერის სქემა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ახალი სქემით წახალისდება. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე. აღნიშნული სქემით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.