LIVE

მასკის SpaceX კიევს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენებას უკრძალავს

09 თებ 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
მასკის SpaceX კიევს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენებას უკრძალავს

SpaceX უკრაინას თანამგზავრული ინტერნეტ სერვისის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას უკრძალავს. ამას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ კიევმა ის უპილოტო თვითმფრინავების სამართავად გამოიყენა. 

საკითხზე უკრაინას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ომის დასაწყისში უკრაინამ მიიღო Starlink-ის ათასობით სატელიტური თეფში, რომელიც თანამგზავრებს უკავშირდება და მოსახლეობას ინტერნეტით უზრუნველყოფს. 

SpaceX-ის პრეზიდენტმა გვინ შოტველმა გუშინ ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ Starlink ტექნოლოგია არასოდეს ყოფილა ჩაფიქრებული, როგორც შეიარაღების ნაწილი. მან უკრაინის მიერ დრონების სამართავად Starlink-ის სავარაუდო გამოყენებაზე მიუთითა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ აღჭურვილობა ჰუმანიტარული მიზნებისთვის მიიღო. 

მისივე თქმით, კომპანიამ მიიღო ზომები, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლონ Starlink-ის გამოყენება შეტევის მიზნით. შოტველს საკითხზე უფრო დეტალურად არ უსაუბრია. 

გასული წლის ოქტომბერში ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებდა და ხარჯების თავის თავზე აღება პენტაგონს სთხოვა, თუმცა მოგვიანებით, კომპანიამ პოზიცია შეცვალა და უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება გააგრძელა.