LIVE

იანვარში საქართველოში ინფლაციამ 9.4% შეადგინა

03 თებ 202311:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
იანვარში საქართველოში ინფლაციამ 9.4% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 15%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 26.5%
  • პური და პურპროდუქტები - 22.8%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 17.1%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 16.7%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 16.5%;
  • თევზეული - 13%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 12.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.7%;
  • ზეთი და ცხიმი - 4.7%.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5%).

ორნიშნა ინფლაცია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს.

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განახლებული შეფასებით, 2023 წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის ტემპი 5.2%-მდე შენელდება. ამის მიზეზად დასახელებულია საბაზო ეფექტი, ვალუტის გამყარების გადაცემის დაგვიანებული ეფექტი, გლობალურად საქონლის ფასების შემცირება, ასევე მიგრაციული ნაკადის პიკის გადალახვის ფონზე ადგილობრივი მოთხოვნის ნორმალიზება.

Fitch-ი 2024 წლის ბოლოს 3.9%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, თუმცა მიუთითებს, რომ რისკები კვლავ მაღალი რჩება.