სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა. 12 თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.1% იყო.
გასული წლის დეკემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.
საქსტატის თანახმად, 2022 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 31.8%-ით, ხოლო იმპორტი - 33.2%-ით.
მხოლოდ დეკემბერში, საქართველოში, 6 436 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 41.4%-ითაა გაზრდილი.
დეკემბერში 18.1%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13 მლრდ 926 მლნ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებს. რამდენადაც, იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმიგრანტებმა ინფლაციის ზრდაზეც მოახდინეს გავლენა და შარშან ორნიშნა ინფლაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ 2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც გასული წლის ბიუჯეტი იყო დაგეგმილი, რთული იქნებოდა. ნოემბერში კი ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ წელს მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განახლებული შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება და ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება.
Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარის მიხედვით კი, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8%-მდე შენელდება.