LIVE

მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა

28 ნოე 202214:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა

მთავრობა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 10%-მდე ზრდის. 

როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქამდე პროგნოზირებული 8.5%-ის ნაცვლად, ზრდა ორნიშნა იქნება. 

"30 ნოემბერს წარედგინება პარლამენტს 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, 8.5%-ის ნაცვლად, 10% გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა გვაქვს, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია.

მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ძირითად მიზეზად უკრაინაში ომის ფონზე საქართველოში შემოსული მიგრანტების გავლენა სახელდება.