500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის დემო დღეზე 13 კომპანიის დამფუძნებელი წარდგა იმ აუდიტორიის წინაშე, რომელიც წამყვანი კორპორაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
დემო დღე იყო 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამის კულმინაცია, რომლის საშუალებითაც სტარტაპებმა მიიღეს ინდივიდუალური მენტორინგი ბიზნეს სტრატეგიის, ფონდების მოზიდვისა და კომპანიის ზრდის მიმართულებით. კომპანიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მესამე ნაკადში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეირჩნენ. ესენი არიან: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft. ამ კომპანიების დამფუძნებლები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა. 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის (500 Startups Incubator L.L.C) ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. 500 Georgia სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ გადაამზადებს. შერჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ცოდნა კომპანიის ზრდის საფუძვლებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ზრდაზე, იმუშაონ ფონდების მოზიდვის სტრატეგიაზე და მიიღონ საერთაშორისო აქსელერაციის გამოცდილება. 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მე-4 ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე გახსნილია. სტარტაპებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ზრდის დაჩქარება და საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი 3 მარტამდე.
500 Global-ი არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5 000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2 700-ზე მეტ კომპანიას. მისი პორტფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს (მათ შორის კერძო, საჯარო და „exited“ კომპანიები). გუნდის 180+ წევრი მუშაობს 27 ქვეყნიდან. მათ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის ინტენსიური გამოცდილება აქვთ.
(R)