LIVE

III კვარტალში საქართველოში 195 000 ადამიანს 599 ლარამდე ხელფასი ჰქონდა - PMC

25 იან 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 504
III კვარტალში საქართველოში 195 000 ადამიანს 599 ლარამდე ხელფასი ჰქონდა - PMC

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში დასაქმებული 195 000 ადამიანის ხელფასი 599 ლარამდე იყო. 600-დან 1199-ლარამდე ანაზღაურება 252 000-მა დასაქმებულმა აიღო, 1200-დან 2399 ლარამდე ხელფასი 268 000-მა, ხოლო 2400 ლარზე მაღალი ანაზღაურება - 178 000-მა.

რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს, 2022 წლის დეკემბერში მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 599 ლარამდე ანაზღაურებას იღებდნენ, დასაქმებულთა 16.1%-ს შეადგენდა. მათი რაოდენობა წლიურად 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

კვლევის თანახმად, გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეედარებით, 28.4%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლების ხელფასიც 9,600 ლარს აღემატებოდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 76%-ია. PMC-ის თანახმად, დეკემბერში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 3.2%-ს ჰქონდა. 

დეკემბერში წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლების ხელფასიც 2,400 ლარზე მეტი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდამ 12.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. გასულ თვეში 2,400 ლარზე მაღალ ხელფასს მთლიანი დასაქმებულების 32.6% იღებდა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დეკემბერში ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით, ხოლო 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა.

2022 წლის მესამე კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

  • სამუშაო ძალა - 1 609 400 ადამიანი;
  • დასაქმებული - 1 358 600 ადამიანი;
  • დაქირავებით დასაქმებული - 913 800 ადამიანი;
  • თვითდასაქმებული - 444 300 ადამიანი;
  • უმუშევარი - 250 700 ადამიანი;
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 53.5%;
  • დასაქმების დონე - 45.2%;
  • უმუშევრობის დონე - 15.6%;
  • საშუალო ნომინალური ხელფასი - 1,595 ლარი.

დასაქმების თრექერის თანახმად, 2022 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 41,237 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 26%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 159.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში 11,928 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9,061 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 10,163 ვაკანსია კი - ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუციის კატეგორიაში.