LIVE

არსი: ბინები წელს დამატებით 10%-ით გაძვირდება

24 იან 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 653
არსი: ბინები წელს დამატებით 10%-ით გაძვირდება

დეველოპერულ კომპანია „არსში“ მიმდინარე წელს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების დამატებით 10%-ით ზრდას ელიან.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, 2022 წლის განმავლობაში საცხოვრებელ ბინებზე ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, კერძოდ, გლობალურად სამშენებლო მასალების გაძვირებით და ასევე გაზრდილი მოთხოვნით, მათ შორის მიგრანტების მხრიდან.

დეველოპერულ კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება და მოსალოდნელია, რომ ფასების ზრდა წელსაც გაგრძელდება, თუმცა შარშანდელზე ნაკლები ტემპით.

„გასულ წელს უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. ერთი ის, რომ ზოგადად პანდემიის შემდეგ ბინებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო. მეორე გარემოება ის იყო, რომ სამშენებლო მასალები იყო გაძვირებული. მესამე ფაქტორი მიგრანტები და მათ მიერ ქირაზე გაზრდილი მოთხოვნა იყო, რის გამოც სულ უფრო ბევრი ადამიანი ყიდულობდა ბინებს საინვესტიციოდ, ანუ შემდგომი გაქირავების მიზნით და ბუნებრივია, ამანაც გააძვირა ბინები. ეს ფაქტორები მეტნაკლებად უკვე აისახა ბინების არსებულ ფასში და არ ველით, რომ მათ წელსაც ასევე დიდი გავლენა ექნება ფასებზე. თუმცა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება და ველით, რომ 2023 წლის განმავლობაში ფასები საცხოვრებელ ბინებზე დაახლოებით 10%-ით გაიზრდება“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება 5.5%-ით იყო გაძვირებული, ხოლო წლიურად, 14.3%-ით. 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით, ფასები ორივე სეგმენტში იყო გაზრდილი - ბინებზე 12.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 18%-ით.

ამასთან, TBC კაპიტალი ელის, რომ 2023 წელს საცხოვრებელი ბინები დამატებით 18%-ით გაძვირდება. როგორც ანალიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, ფასების ზრდა მათ შორის იმ ფაქტითაც იქნება განპირობებული, რომ საქართველოში დარჩენილი მიგრანტები ქირიდან უკვე ბინების ყიდვაზე გადავლენ.