LIVE

აშშ-ში შენელებული ინფლაციის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

13 იან 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
აშშ-ში შენელებული ინფლაციის ფონზე, ნავთობი გაძვირდა

აშშ-ში შენელებული ინფლაციის ფონზე, ოპტიმისტურმა მოლოდინმა ნავთობის გაძვირება გამოიწვია. 

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 1.37%-ით გაიზარდა და ბარელზე $83.80-ს მიაღწია, ხოლო WTI-ის ფასმა 1.20%-ით მოიმატა და $78.34 გახდა.

აშშ-ის დეკემბრის ინფლაციის მონაცემები აჩვენებს, რომ თვიურ ჭრილში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) შენელდა და წლიური ინფლაციის ტემპი 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. 

აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა. ამასთან, საბაზო ინფლაცია 5.7%-მდეა შემცირებული.

დეკემბრის კლება დიდწილად განპირობებულია ბენზინის ფასის ვარდნით, რომელიც ანაზღაურებს სხვა მიმართულებების ზრდას. სურსათის ინდექსი დეკემბერში 0,3%-ით გაიზარდა, ხოლო ენერგეტიკის ინდექსი, ამავე პერიოდში, ბენზინის ხარჯზე, 4.5%-ით შემცირდა. 

ინფლაციის შენელებამ შესაძლოა, აშშ-ის ცენტრალურ ბანკს საშუალება მისცეს, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შეარბილოს.

ინფლაციის მაჩვენებლებთან ერთად, ნავთობის ფასის ზრდაზე გავლენას ჩინეთის გახსნა ახდენს. 3-წლიანი იზოლაციის შემდეგ, ჩინეთმა ტურისტების მიღება დაიწყო.

ინფლაციის შენელება ეკონომისტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. გასული წლის ბოლოს სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ წნეხი გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე შემსუბუქებულია, რაც ერთ-ერთი წინაპირობა უნდა გახდეს, რომ ისტორიულად მაღალი ინფლაცია დაღმასვლისკენ წავიდეს.