LIVE

ლექვინაძე: ვთვლით, რომ საწვავის გაიაფება შესაძლებელი და მოსალოდნელია

12 იან 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
ლექვინაძე: ვთვლით, რომ საწვავის გაიაფება შესაძლებელი და მოსალოდნელია

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ დღეს არსებული პირობებიდან გამომდინარე, საწვავის კიდევ უფრო გაიაფება შესაძლებელია. 

მისი თქმით, საწვავის ბაზრის მოკვლევა თითქმის დასრულებულია და საბოლოო ან შუალედი გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თებერვალში გახდება ცნობილი.

„შედეგებთან ერთად, ვამუშავებთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაკეთდეს, რომ ბაზარი უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი იყოს. გასული წლის მარტიდან, როცა საწვავის ფასი პიკზე იყო, დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ფასები დაახლოებით 1 ლარზე მეტადაა შემცირებული და ახლა ზოგიერთი ტიპის საწვავი იმაზე იაფია, ვიდრე 2022 წლის იანვარში იყო. ამის განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ფასები და ლარის გამყარების ტენდენციაა. დღესაც ვთვლით, რომ კიდევ უფრო შესაძლებელი და მოსალოდნელია ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, წინაპირობები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს“,- აღნიშნა ლექვინაძემ.

მისი განმარტებით, თუ რომელიმე მსხვილი იმპორტიორის მხრიდან დარღვევა გამოიკვეთება, კომპანია წინა წლის ბრუნვის 5%-მდე თანხით დაჯარიმდება.

2022 წელს საწვავის ღირებულება საქართველოში ისტორიულად მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა და 4 ლარს გადასცდა. პრემიერის დავალებით ბაზარი მარეგულირებლის შესწავლის ობიექტი გახდა. საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის აგვისტოში დაასრულა, რამაც აჩვენა რომ კომპანიები იმპორტის გაიაფებას ადგილობრივ სარეალიზაციო ფასში არ ასახავდნენ. ამის შემდეგ სააგენტომ მოკვლევა დაიწყო 5 მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას.