LIVE

Binance-მა 60-ზე ნაკლებ დღეში $12 მილიარდზე მეტი დაკარგა

11 იან 202315:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1092
Binance-მა 60-ზე ნაკლებ დღეში $12 მილიარდზე მეტი დაკარგა

Binance-დან ნაღდი ფულის გადინების მონაცემები იმაზე უარესია, ვიდრე აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ გასულ თვეში განაცხადა. ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. კრიპტობირჟიდან თანხების გადინების შესახებ ვრცელ ანალიზს Forbes აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ Binance, მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა, აქტივების შენარჩუნებისთვის იბრძვის. მისი კონკურენტის, FTX-ის კოლაფსის კვალდაკვალ, გასული კვირების განმავლობაში, ბირჟიდან აქტივები გამოაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო მათ არწმუნებთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, აქტივების გატანა გრძელდება. 

კრიპტო მონაცემების ფირმა Defillama-ს მონაცემებით, მომხმარებლებმა ბირჟიდან პარასკევს $360 მილიონი გაიტანეს. 

კრიპტო მონაცემების კიდევ ერთმა ფირმამ, Nansen-მა, 13 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ Binance-მა წინა კვირაში $3 მილიარდის აქტივები დაკარგა, რაც იმ დროისთვის ფირმის მთლიანი აქტივების 4%-ს წარმოადგენდა.

Forbes-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ ფაქტობრივად, Binance-მა დაკარგა თავისი აქტივების 15% მას შემდეგ, რაც ჟაომ, რომელიც CZ-ის სახელითაა ცნობილი, Twitter-ზე დაწერა, რომ სიტუაცია სტაბილური იყო. Binance-ის აქტივების თითქმის მეოთხედი ბირჟიდან ორ თვეზე ნაკლებ დროში გავიდა. 

ინვესტორების ნდობის შემცირება ყველაზე უკეთ გამოჩნდა ორი ტოკენის: Binance Coin-ის (BNB) და Binance USD-ის (BUSD) გაუფასურებაში. BNB-მ, გასული ორი თვის განმავლობაში, ღირებულების 29% დაკარგა. ეს არ არის ერთადერთი ინდიკატორი, რაც ბირჟის მიმართ ნდობისა და გავლენის დაკარგვაზე მიუთითებს. მაშინ, როცა წმინდა აქტივები ნოემბრიდან 24%-ით დაეცა, ინვესტორებმა ცნობილ ტოკენებში, როგორიცაა matic, ape და gala, თავიანთი აქტივები ბირჟაზე 40-50%-ით შეკვეცეს.  

მიუხედავად იმისა, რომ ის კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟად რჩება, Binance აქტივების ერთწლიანი კლებით დაუზიანებელი არ დარჩენილა. Nomics-ის თანახმად, 12 თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მისი BNB ტოკენის ღირებულება თითქმის 37%-ით შემცირდა. 

Forbes-ის გამოთვლებით, ბაზრის შემცირების გამო, ბირჟის გადაწყვეტილებამ, შეწყვიტოს საკომისიოების დაწესება სპოტ-ბიტკოინით ვაჭრობისთვის, დაახლოებით $3 მილიარდით შეამცირა მისი წლიური შემოსავლები.  

CoinMarketCap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების საერთო ღირებულება გასული წლის განმავლობაში 56%-ით შემცირდა და $848,7 მილიარდი შეადგინა.