Al Jazeera-ს ახალი ამბების წამყვანმა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრინცებს მაიამის ფედერალურ სასამართლოში უჩივლა.
ჟურნალისტმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. გადა ვაისი აცხადებს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს, ხოლო გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალა გაყალბებულია. მის წინააღმდეგ ორგანიზებული თავდასხმის მიზეზად ვაისი ადამიანის უფლებათა დარღვევების გაშუქებას ასახელებს და თავდასხმაში აშშ-ში საუდის არაბეთის კულტურული მისიის ჩართულობას აღნიშნავს.
სასამართლო სარჩელში გადა ვაისის მოპასუხეებად დასახელებულია საუდის არაბეთიდან მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზი და არაბეთის გაერთიანებული საამიროდან მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, და სხვა ოფიციალური პირები.
"გადა ვაისი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტთა სიაში, რომელებიც საუდისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევის სამიზნე არიან”, ნათქვამია საჩივარში, სადაც ასევე მოყვანილია სხვა არაერთი მაგალითი, რომელიც საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახებს უკავშირდება, მათ შორის დისიდენტების დევნისა და შეურაცხყოფის ფაქტები, ასევე, Amazon.com– ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ტელეფონის გატეხვის გახმაურებული საქმეც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორია: ჯოელ როზენბლატი