LIVE

ერთ წელში პური 22%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები 10%-ით, ცხიმი კი 7%-ით გაძვირდა

03 იან 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
ერთ წელში პური 22%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები 10%-ით, ცხიმი კი 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 9.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 27.4%;
  • პური და პურპროდუქტები - 22.1%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.4%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 18.4%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.5%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 14.1%;
  • თევზეული - 13.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7%;
  • ზეთი და ცხიმი - 6.8%;
  • ხილი და ყურძენი - 6.4%.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (37.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.6%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3%-იანი მატება. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8%), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6%) ქვეჯგუფებზე.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა.

ორნიშნა ინფლაცია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია კლებას მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყებს. 

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება და მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. 

ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია