
2021 წლის ივნისის შემდეგ, Apple-ის აქციები ყველაზე მეტად გაუფასურდა. ამის მიზეზი ჩინეთში კომპანიის საწარმოს მუშაობისა და iPhone-ების მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებული შეშფოთებაა.
ზედიზედ მესამე ნეგატიურ სესიაზე ტექნოლოგიური გიგანტის 1 აქციის ფასი დღეს 1.4%-ით დაეცა და $130 შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 იანვრიდან საერთაშორისო მოგზაურებსა და ტურისტებს ქვეყანაში შესვლისას იზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევთ, ანალიტიკოსები წარმოების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას თებერვლის ბოლომდე არ ელიან.
JPMorgan-ის შეფასებით, iPhone-იების მიწოდება უმჯობესდება, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენისგან Apple „ძალიან შორს დგას".
გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple წელს დაგეგმილზე დაახლოებით 6 მილიონით ნაკლებ iPhone Pro-ს გამოუშვებს.