LIVE

ჩინეთში არეულობის გამო, iPhone Pro-ს წარმოება შესაძლოა, 6 მილიონით შემცირდეს

29 ნოე 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
ჩინეთში არეულობის გამო, iPhone Pro-ს წარმოება შესაძლოა, 6 მილიონით შემცირდეს

Apple-ის ჭენჭოუს ქარხანაში არეულობა, სავარაუდოდ, წარმოების დეფიციტს გამოიწვევს. Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ წელს კომპანია დაგეგმილზე დაახლოებით 6 მილიონით ნაკლებ iPhone Pro-ს გამოუშვებს. 

წყაროს თქმით, საწარმოში ვითარება არასტაბილურია და დასახელებული რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ობიექტის ოპერატორი, Foxconn Technology Group წარმოებაში სამუშაო ძალის ჩართვას. თუ ჩინეთში მომდევნო კვირებში რეგულაციები გაგრძელდება, შესაძლოა, დანაკარგის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. 

ჭენჭოუს კამპუსი რეგულაციების გამო, კვირების განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ობიექტიდან ოქტომბერში ათასობით თანამშრომელი საკვების ქრონიკული დეფიციტის გამო გაიქცა, მათ ჩასანაცვლებლად აყვანილმა თანამშრომლებმა კი ანაზღაურება და კარანტინის წესები გააპროტესტეს. 

Foxconn-ის ქარხანა მიმდინარე წელს Apple-ის ყველაზე მოთხოვნადი ტელეფონების, iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის უდიდეს ნაწილს აწარმოებს. სწორედ ეს მოწყობილობები აბალანსებს iPhone 14-ის ჩვეულებრივ მოდელებზე შემცირებულ მოთხოვნას.

ჩინეთის ქარხანაში არსებული ვითარების გამო, Apple-მა თვის დასაწყისში მიმდინარე წლის iPhone 14-ის გამოშვების სამიზნე მაჩვენებელი 3 მილიონით, 90 მილიონიდან 87 მილიონ ერთეულამდე შეამცირა. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, Apple და Foxconn იმედოვნებენ, რომ ზარალს მომავალ წელს აინაზღაურებენ. 

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა ამ თვის დასაწყისში ივარაუდეს, რომ iPhone Pro მოდელების ოდენობა წელს დაახლოებით 6 მილიონი ერთეულით შემცირდებოდა.