LIVE

Covax-ის ინიციატივა, შესაძლოა, გაუქმდეს

08 დეკ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
Covax-ის ინიციატივა, შესაძლოა, გაუქმდეს

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი (Gavi) ვაქცინების განაწილების პლატფორმის, Covax-ის გაუქმებას განიხილავს.  

Washington Post-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხი ორგანიზაციამ მიმდინარე კვირაში ჟენევაში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე დააყენა. 

Covax პლატფორმა Gavi-მ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან" (WHO) და ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციასთან (CEPI) პანდემიის დასაწყისში, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინაციაზე წვდომის გაზრდის მიზნით შექმნა. 

საქართველომ Covid-19-ის ვაქცინების პირველი დოზები სწორედ COVAX-ის მეშვეობით მიიღო. 2021 წლის 13 მარტს თბილისში AstraZeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა ჩამოვიდა. 

გასული თვის მონაცემებით, ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოს 146 ქვეყანაში 1.8 მილიარდზე მეტი კორონავირუსის ვაქცინა გაიგზავნა, თუმცა ის მაინც ჩამორჩება თავის ამბიციურ მიზნებს, მათ შორის, 2022 წლის შუა რიცხვებისთვის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას. 

უახლესი გეგმით, 2024-2025 წლებში Gavi კორონავირუსის ვაქცინაციის ახალ პროგრამას დაიწყებს, რითაც 37 ქვეყნისთვის ვაქცინაციის მიწოდების გეგმას დაასრულებს. 

ამასთან, 54 ღარიბი ქვეყანა Gavi-სგან ისევ მიიღებს კორონავირუსის ვაქცინის დოზებს უფასოდ.  

მხოლოდ პირველ წელს Covid-ის ვაქცინებმა, რომლებიც რეკორდულად მოკლე დროში შეიქმნა, დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მათგან ნახევარზე მეტი მდიდარ ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ 7 მილიონზე მეტი სიკვდილის თავიდან აცილება მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიცავს Covax-ის განაწილების პროგრამა, Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიზნების მიღწევას ღარიბ ქვეყნებში Covid-ით გამოწვეული ყოველი მეხუთე გარდაცვალების თავიდან აცილება შეეძლო.

ისეთი კომპანიების ვაქცინებმა, როგორიცაა Pfizer-ი, Moderna და AstraZeneca, შეამცირეს ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა, 12 მილიარდზე მეტი დოზის ადმინისტრირებით, მთელ მსოფლიოში.