
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ საფინანსო სექტორის მხარდაჭერა გააგრძელოს.
"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, როგორ აფასებს მთავრობის მიერ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გაუქმებას და მოგების გადასახადის 20%-მდე ზრდას, მოლინეუსი ამბობს რომ საკითხს დეტალურად არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელმაც პანდემიის შოკებს გაუძლო.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან გაგრძელდეს საფინანსო სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერა", - ამბობს სებასტიან მოლინეუსი.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადი აქამდე არსებული 15%-ის ნაცვლად, 20% გახდება. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბანკების "გაუმართლებლად მაღალ მოგებას" ასახელებს.