მიუხედავად მზარდი ინფლაციისა, მიმდინარე სეზონზე მყიდველთა ერთი ჯგუფი მაინც აღფრთოვანებული ხვდება სავაჭრო ცენტრებს და ეს ჯგუფი ე.წ. Z თაობაა (Gen Z).
1997-დან 2012 წლამდე დაბადებულ მომხმარებელთა ეს ჯგუფი Millennials-თან ერთად, აშშ-ში ყველაზე სწრაფად მზარდ ჯგუფს შორისაა. Cowen Equity Research-ის თანახმად, Millennials და Z თაობის წილი მთლიან მოსახლეობაში 2028 წლისთვის სავარაუდოდ, 70%-მდე გაიზრდება, დღეს არსებული 60%-დან.
როგორც ტანსაცმლის ინდუსტრიის ბაზრის კვლევის კომპანიის, NPD-ის ანალიტიკოსი კრისტენ კლასი-ზუმო აღნიშნავს, წლევანდელ ე.წ. შავ პარასკევს მაღაზიებში აქტიურობით ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ Z თაობა იყო. მისივე თქმით, მსგავსი რამ წინა წლებში არ მომხდარა.
PREIT-ში, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 18 სავაჭრო ცენტრს ფლობს, ამბობენ, რომ ე.წ. შავი პარასკევის დღეებში სავაჭრო ცენტრებში ყველა ასაკის მყიდველი იყრიდა თავს, თუმცა ახალგაზრდა მომხმარებლები მაინც ჭარბობდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტოპ ბრენდებისა და მოდის მაღაზიებშიც ყველაზე დიდი აქტივობით სწორედ ე.წ. Z თაობა გამოირჩეოდა.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის "შავი პარასკევი" არ ყოფილა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ ეს იყო ჯგუფური გართობაც.
აშშ-ს ეროვნული საცალო ვაჭრობის ფედერაციის შეფასებით, წლევანდელ შავი პარასკევის დღეებში მაღაზიებს 123 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც 17%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ჯამში ხუთდღიანი არდადეგების პერიოდში (მათ შორის "მადლიერების დღის" ჩათვლით) 196 მილიონმა ადამიანმა იშოპინგა ონლაინ, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.