LIVE

ევროკავშირის მარეგულირებელი მასკს Twitter-ის დაბლოკვით დაემუქრა

01 დეკ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 434
ევროკავშირის მარეგულირებელი მასკს Twitter-ის დაბლოკვით დაემუქრა

Twitter ამერიკული და ევროპული მარეგულირებლების ყურადღების ქვეშ მოექცა.

ევროკომისია მასკს Twitter-ის დაბლოკვით ემუქრება, თუ ის არ დაიცავს კონტენტის მოდერაციის მკაცრ წესებს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მილიარდერის მიერ პლატფორმის შეძენის საკითხს გადახედავს.

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის კომისარი ტიერი ბრეტონი, რომელიც ევროკავშირში ციფრული წესების დაცვაზეა პასუხისმგებელი, ილონ მასკს ვიდეო ზარის მეშვეობით ესაუბრა და უთხრა, რომ Twitter-მა უნდა დაიცვას რეგულაციები, მათ შორის, შეწყვიტოს დაბლოკილი მომხმარებლების "თვითნებური" აღდგენა და დათანხმდეს მომავალ წელს პლატფორმაზე ინტენსიური და დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებას.  

ამ წესების დაუცველობით, Twitter-ი დაარღვევს ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს, ახალ კანონს, რომელიც ადგენს გლობალურ სტანდარტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გიგანტური კომპანიების კონტენტი. ბრეტონის თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, Twitter-ს შესაძლოა, დაემუქროს ევროპის მასშტაბით აკრძალვა ან ჯარიმა გლობალური ბრუნვის 6 პროცენტის ოდენობით.  

აშშ-ის მხრიდან პლატფორმის ყიდვის საკითხი საყურადღებოა დაფინანსების წარმომავლობის კუთხით. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნოემბერში განაცხადა, რომ მასკის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად იელენმა თავიდან ასეთი გამოძიების ალბათობა უარყო, გუშინ განაცხადა, რომ ის, ცდებოდა.  

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებლის დოკუმენტების მიხედვით, საუდის არაბეთის პრინცმა Kingdom Holding-ის მეშვეობით, გარიგება დაახლოებით 1,9 მილიარდით დააფინანსა და Twitter-ის მე-2 უმსხვილესი ინვესტორი გახდა.   

ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად ოქტომბერში იყიდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგებისთვის მასკს ბანკებისგან $13-მილიარდიანი ვალის აღება დასჭირდა. ინვესტორებს შორისაა კრიპტობირჟა Binance, რომელმაც გარიგება $500 მილიონით დააფინანსა.