პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მთავრობა მზადაა, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.
ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტოვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები“, - წერს პრემიერმინისტრი.
შეგახსენებთ, საქართველოში საქმიანი ვიზიტით კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო იმყოფება, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.