LIVE

Nord Stream-ის დაზიანება საბოტაჟის შედეგი იყო - შვედეთის გამოძიება

18 ნოე 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
Nord Stream-ის დაზიანება საბოტაჟის შედეგი იყო - შვედეთის გამოძიება

შვედეთის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Nord Stream 1 და 2 მილსადენებზე რღვევები „სასტიკი საბოტაჟით“ იყო გამოწვეული. ამის შესახებ Bloomberg-ი შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, საბოტაჟზე პასუხისმგებელი მხარის გამოვლენის მიზნით, ქვეყანა გამოძიებას აგრძელებს.  

პროკურორის, მატს ლუნგკვისტის განცხადებით, აფეთქებების ადგილზე აღმოჩენილია უცხო საგნები, რომლებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალია.

Nord Stream მილსადენები რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე საერთაშორისო წყლებში მიედინება. სექტემბრის ბოლოს მილსადენებზე ოთხი რღვევა აღმოაჩინეს. აქედან ორი გაჟონვა შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში დაფიქსირდა.

მომხდარი ევროპელმა ლიდერებმა დივერსიად მაშინვე შეაფასეს, მიუხედავად ამისა, შვედეთის გამოძიების შედეგი პირველი მტკიცებულებაა, რომ მილსადენებზე რღვევები მიზანმიმართულმა ქმედებამ გამოიწვია.