LIVE

IMF 2023 წლის პროგნოზი მოსალოდნელზე მძიმეა

19 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 401
IMF 2023 წლის პროგნოზი მოსალოდნელზე მძიმეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა იმაზე მძიმეა, ვიდრე ორგანიზაცია ამას გასულ თვეში ვარაუდობდა. 

როგორც IMF-ის მიერ ინდონეზიაში მიმდინარე G20 ლიდერების სამიტისთვის მომზადებულ ბლოგშია აღნიშნული, უახლესი მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალური პერსპექტივა პროგნოზირებულზე უარესია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ევროპაში შეინიშნება.  

ვითარების გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია მზარდი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ჩინეთში შემცირებულ მოთხოვნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული მიწოდების შეფერხებასა და საკვების კრიზისთან დაკავშირებულ შეშფოთებას უკავშირებს. 

"გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევები უკიდეგანოა და შესუსტებული ეკონომიკური მაჩვენებლები მომავალ გამოწვევებზე მიუთითებს", - აცხადებს სავალუტო ფონდი და დასძენს, რომ არსებული გარემო "უჩვეულოდ გაურკვეველია". 

ორგანიზაციის თანახმად, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი ეკონომიკურ ზრდას სერიოზულად დააზარალებს და ინფლაციას დააჩქარებს. ხანგრძლივმა მაღალმა ინფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს რეფინანსირების განაკვეთების მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლები და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება.

ეს, თავის მხრივ, დაუცველი ეკონომიკებისთვის ზრდის "სუვერენული ვალის კრიზისის რისკს".

ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ექსტრემალური ამინდიც ახდენს. 

IMF-მა გასულ თვეში გლობალური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 2,9%-დან 2,7%-მდე შეამცირა. ასევე შემცირდა საქართველოს მომავალი წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც. წლის დასაწყისში ნავარაუდევი 5.8%-იანი ზრდის ნაცვლად, ფონდი ელის, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-მდე შემცირდება.