LIVE

ბრენსონს Virgin Galactic-ის აქციების მოტყუებით გაყიდვის გამო ედავებიან

08 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
ბრენსონს Virgin Galactic-ის აქციების მოტყუებით გაყიდვის გამო ედავებიან

ბრიტანელ მილიარდერ ბიზნესმენს, რიჩარდ ბრენსონს Virgin Galactic Holdings-ის ასობით მილიონი დოლარის აქციის მოტყუებით გაყიდვის გამო, აქციონერები უჩივიან.  

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ ალინ როსმა განაცხადა, რომ აქციონერებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ Virgin Galactic-მა და მისმა დამფუძნებელმა, ბრენსონმა, ისინი მოატყუეს. 

აქციონერები ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენმა დამალა Virgin Galactic Holdings-ის კოსმოსური ხომალდის პროგრამაში არსებული ხარვეზები და აქციები გაბერილ ფასად გაყიდა.  

აქციონერებს შეუძლიათ ბრენსონს უჩივლონ 2019 წლის ივლისის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, Virgin-მა მიაღწია "დიდ პროგრესს" და გადალახა კომერციული კოსმოსური ფრენის "დაბრკოლებები". 

მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს იყო "მატერიალურად შეცდომაში შემყვანი" განცხადება. მისივე თქმით, Virgin-მა არსებული პრობლემები არ გაუმჟღავნა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას.  

Virgin Galactic ყურადღების ცენტრში მოექცა 2021 წლის ივლისში, როდესაც ბრენსონი კოსმოსში ორ პილოტთან და სამ სხვა მგზავრთან ერთად გაემგზავრა. ფრენა ცხრა დღით უსწრებდა კომპანიის კონკურენტის, Blue Origin-ის კოსმოსში გასვლას.  

2021 წლის ოქტომბერში Virgin Galactic-მა განაცხადა, რომ კომერციული რეისების შესრულება, ტექნიკური მიზეზებით, 2022 წლის მეოთხე კვარტლამდე გადაიდებოდა. მას შემდეგ კომპანიამ ფრენის თარიღი არაერთხელ შეცვალა. უახლესი პროგნოზით, კოსმოსური ფრენა 2023 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.