LIVE

იანვარ-სექტემბერში 8 082 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 51% თბილისში - საქსტატი

31 ოქტ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 419
იანვარ-სექტემბერში 8 082 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 51% თბილისში - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის 8 082 ნებართვა გაიცა. წლიური ზრდა 8.8%-ია.

9 თვეში გაცემული ნებართვები, საქართველოში 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.  

ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე გადანაწილდა. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8% მოდიოდა თბილისზე, 11.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.9% - იმერეთის რეგიონზე.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილი იყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

9 თვეში ექსპლუატაციაში შევიდა 1 935.3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5%-ით მეტი) 1 843 ობიექტი (წლიური ზრდა 7.9%).

საქსტატის თანახმად, დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდიოდა. კერძოდ, 38% - თბილისზე, 11.6% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.4% - კახეთის რეგიონზე, 9.2% კი - იმერეთის რეგიონზე.