
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის პოსტზე ხანმოკლე მუშაობის მიუხედავად, ლიზ ტრასს უფლება აქვს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ყოველწლიურად 115,000 ფუნტი სტერლინგი ($129,306) მოითხოვოს.
44-დღიანი ვადა საკმარისია იმისთვის, რომ მან საჯარო მოვალეობის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს. ეს თანხა განკუთვნილია არა კერძო სარგებლობისთვის, არამედ საჭირო პერსონალის დაქირავების ხარჯების დასაფარად.
ანაზღაურების ეს ფორმა 1991 წელს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ჯონ მეიჯორმა მისი წინამორბედის, მარგარეტ ტეტჩერის გადადგომის შემდეგ შემოიღო.
თანხის ლიმიტს მოქმედი პრემიერ-მინისტრი წელიწადში მინიმუმ ერთხელ განიხილავს, თუმცა ის 2011 წლიდან უცვლელია.
ყოფილი პრემიერმინისტრებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება. 2021 წლის 31 მარტის მონაცემებით, თანხის მაქსიმალური ოდენობა £115000 სერ ჯონ მეიჯორმა და მისმა მემკვიდრემ, ტონი ბლერმა მოითხოვეს. ლიმიტს მიუახლოვდნენ გორდონ ბრაუნი და დევიდ კამერონი. ყველაზე ნაკლები - £57832 ტერეზა მეიმ მოითხოვა.
თანხის მიღების უფლება ბორის ჯონსონსაც აქვს. მისი მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საჯარო არ არის.
სოციალური მედიის მომხმარებლები წერენ, რომ ტრასის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე, მან თანხის მიღებაზე უარი უნდა თქვას.
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერმინისტრის პოსტი 25 ოქტომბერს რიში სუნაკმა დაიკავა. ის რიგით 57-ე და ბოლო ერთ წელში მესამე პრემიერმინისტრია.
42 წლის სუნაკისა და მისი მეუღლის ერთობლივი ქონება 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული, რაც სამეფო ოჯახის ქონებას ორჯერ აღემატება.