PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის. PMC-ის განმარტებით, ეს ფაქტორი შესაძლოა რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს, რომელიც 2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში წლიურად 266%-ით გაიზარდა.
„ეკონომისტებმა შეაფასეს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების ზრდის შესაძლო მიზეზები. 2022 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები 266%-ით გაიზარდა, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ჯამურად 960 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მოცემულ პერიოდში, მთლიანი მიღებული ფულადი გზავნილების 40%-ს წარმოადგენდა.
ზრდის მიზეზად შეიძლება განიხილებოდეს არბიტრაჟი, რომელიც რუსეთზე დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, აშშ დოლარზე შეზღუდული წვდომა რუბლის გაცვლით კურსზე აისახა, რის შედეგადაც, რუბლის ოფიციალური გაცვლითი კურსი და შავ ბაზარზე არსებული კურსი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამის გამო, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველოში რუბლის სახით თანხის გამოგზავნა, შემდეგ, აშშ დოლარში გადახურდავება, გადახურდავებული დოლარის რუსეთში დაბრუნება და მოგების მიზნით შავ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო“, - აღნიშნულია PMC-ის კვლევაში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“, სადაც 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებია გაანალიზებული.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა (56%) თვლის, რომ მოცემული არბიტრაჟი შეიძლება იყოს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზი და შესაძლოა ამ პროცესმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.