LIVE

პირველი კოსმოსური ტურისტი ამჯერად SpaceX-ის მეშვეობით მთვარეს შემოუფრენს

15 ოქტ 202217:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 500
პირველი კოსმოსური ტურისტი ამჯერად SpaceX-ის მეშვეობით მთვარეს შემოუფრენს
SpaceX

მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი დენის ტიტო კიდევ ერთხელ დარეგისტრირდა კოსმოსში გასასვლელად. ამჯერად ის ცოლთან, აკიკოსთან ერთად, მთვარის ირგვლივ შემოფრენას ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის Starship რაკეტით გეგმავს.

SpaceX-ის განცხადებით, წყვილი კომერციული კოსმოსური ფრენის 12-კაციანი ეკიპაჟის პირველი ორი მგზავრია. მოგზაურობის ფარგლებში, ისინი მთვარეს 200 კილომეტრის მოშორებით მიუახლოვდებიან. მისია ერთი კვირა გაგრძელდება.

ფრენის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შესაძლოა, ის რამდენიმე წლის შემდეგ შესრულდეს. კონტრაქტის პირობებით, მოგზაურობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა შედგეს. ამ ვადის ბოლოს ტიტო 87 წლის იქნება. 

"ჯანმრთელობა იმდენი ხნით უნდა შევინარჩუნოთ, რამდენიც SpaceX-ს ხომალდის დასრულებისთვის დასჭირდება. ეს მისია რომ არა, სავარძელში ჩავჯდებოდი და საერთოდ არ ვივარჯიშებდი, მაგრამ თუ ჯანმრთელად ვიქნები, მოცდას 10 წელიც შევძლებ", - თქვა ტიტომ.

ტიტო პირველი კომერციული ასტრონავტი გახდა 2001 წელს, როცა ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ეწვია. მაშინ მან ამისთვის $20 მილიონი გადაიხადა. 

მისი ცოლი 57 წლის არის და ქმრის მსგავსად, პილოტია. ისინი იზიარებენ მასკის ხედვას კოსმოსში მგზავრობის პერსპექტივის შესახებ და მიიჩნევენ, რომ ამ ფრენით სხვებსაც შთააგონებენ.

კომპანია, ისევე, როგორც წყვილი, ფრენის საფასურის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ტიტომ, რომელმაც თავისი საინვესტიციო კომპანია Wilshire Associates დაახლოებით 2 წლის წინ გაყიდა, ამბობს, რომ კოსმოსში მოგზაურობისთვის თანხა არ ენანება. 

"პენსიაზე გავედით და ახლა დროა მთელი შრომის ნაყოფი მოვიმკოთ", - თქვა ტიტომ.

რამდენიმე კომპანია, მათ შორის, SpaceX და რიჩარდ ბრანსონის მიერ დაფუძნებული Virgin Galactic, ცდილობს, რომ კოსმოსში მოგზაურობა რეალობად აქციონ. ჯეფ ბეზოსის Blue Origin კი მსურველებს დედამიწიდან 106 კმ-ზე სუბორბიტალურ ფრენებს სთავაზობს. 

90 წლის მსახიობი უილიამ შატნერი გასულ წელს გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ვინც კოსმოსში გაფრინდა. 

Starship-ს კოსმოსში ჯერ არ უმოგზაურია და ამ მისიამდე მას ტესტირების ხანგრძლივი პერიოდის გავლა მოუწევს. მასკის თქმით, ხომალდი ეკიპაჟის გარეშე ორბიტაზე შესაძლოა, ნოემბერში გაეშვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორენ გრაში