LIVE

TBC Capital: 2023 წელს მიგრაციის ეფექტი გასაყიდ ბინებსაც გააძვირებს

12 ოქტ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1330
TBC Capital: 2023 წელს მიგრაციის ეფექტი გასაყიდ ბინებსაც გააძვირებს

“თიბისი კაპიტალის” მოლოდინით, 2023 წელს გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი დამატებით 14%-ით გაიზრდება. როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, მომავალ წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირების მთავარი მიზეზი მიგრაციით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნა იქნება.

კერძოდ, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოდან საქართველოში დარჩენილი მიგრანტები უკვე აქტიურად დაიწყებენ ბინების ყიდვას. შედეგად, 2023 წლისთვის თბილისში გაყიდულ საცხოვრებელ ბინებში მიგრანტების წილი 10%-დან 12%-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება ქირას, მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებით მომავალ წელს მიგრანტების წილი 30%-დან 18%-მდე შემცირდება, ქირის ფასი კი დამატებით 11%-ით გაიზრდება.

„წელს უძრავი ქონების გასაყიდ ფასზე მიგრაციის ეფექტს უფრო მეტად ირიბი გავლენა ჰქონდა. კერძოდ, მათ მიგრანტების მიერ ქირაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ბიძგი მისცა იმას, რომ უფრო მეტ მოქალაქეს ეყიდა ბინა საინვესტიციოდ, ანუ შემდგომი გაქირავების მიზნით. ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც საცხოვრებელ  ბინებზე ფასები გაზარდა და წელს ჯამურად დოლარში გამოხატული ბინების გასაყიდი ფასი 16%-ითაა გაზრდილი. მომავალ წელს კი ველით, რომ ეს ეფექტი უკვე პირდაპირი იქნება. მოსალოდნელია, რომ საქართველოში დარჩენილი მიგრანტები უკვე ბინების დაქირავებიდან უძრავი ქონების ყიდვაზე გადავლენ, რაც დამატებით გაზრდის გასაყიდი ბინების ფასს. 2023 წელს საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასი დამატებით 14%-ით გაიზრდება და ამ ზრდაში უდიდესი წვლილი სწორედ მიგრაციის ეფექტზე მოვა“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, გიორგი მჟავანაძემ.

„თიბისი კაპიტალის“ ეს გათვლები ეყრდნობა დაშვებებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შემოსული მიგრანტების 75% თბილისში დასახლდა, ხოლო მიგრანტების 30% ქვეყანას 2023 წელს დატოვებს.

მიგრანტების, მათ შორის რუსების მხრიდან გასაყიდი საცხოვრებელი ბინებით მზარდ დაინტერესებაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტოებშიც. როგორც უძრავი ქონების სააგენტო Liberte-ში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა გასაყიდ ბინებზე გაზრდილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში მიგრანტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მიმდინარე წელს ბინის ქირა რეკორდულად გაძვირდა. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, აგვისტოში ქირის წლიური ფასი 79%-ით იყო გაზრდილი, ხოლო 2022 წლის განმავლობაში ჯამურად ქირის ფასის ზრდა 66%-ს შეადგენს.