LIVE

IFC-ის ევროპის რეგიონულ დირექტორად რანა კარადშე დაინიშნა

03 ოქტ 202213:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
IFC-ის ევროპის რეგიონულ დირექტორად რანა კარადშე დაინიშნა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ევროპის რეგიონულ დირექტორად რანა კარადშე დანიშნა. ახალი დირექტორი ვენის ოფისიდან უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე IFC-ის საპასუხო პროექტებს უხელმძღვანელებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის როლის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შესაქმნელად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.  

„ომის ფონზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევს ევროპაში COVID-19-ის გრძელვადიან ზემოქმედებასთან ერთად, IFC-ისთვის მნიშვნელოვანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა კერძო სექტორის, მთავრობის და პარტნიორების ჩათვლით. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლაში, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნაში," აცხადებს რანა კარადაშე, რომელიც შეერთებული შტატების და იორდანიის მოქალაქეა.

მას საერთაშორისო ფინანსების სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს და წარსულში IFC-ის მრეწველობის, აგრობიზნესის და მომსახურების რეგიონული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში. მანამდე ის IFC-ის მენეჯერი იყო სინგაპურში. კარადაშე ფლობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.   

IFC-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი რეგიონული დირექტორის პრიორიტეტებს შორის იქნება მაღალი შედეგების მქონე ე.წ. „მწვანე“ პროექტები, ასევე ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები და ფინანსური ინკლუზიურობა.

"IFC-ის მიზანი მცირე ბიზნესის, რეგიონის ეკონომიკის საყრდენის,  მათ შორის, ქალი მეწარმეების მხარდაჭერაა, რაც მათთვის დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია კლიმატზე ორიენტირებული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, და გრძელვადიან პერსპექტივაში დეკარბონიზაციის და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლების ჩათვლით," ამბობს კარადაშე.

განვლილი ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, IFC-მ რეგიონის კერძო სექტორში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. კლიმატზე ორიენტირებულმა ინვესტიციებმა რეგიონში IFC-ის გრძელვადიან პორტფელში რეკორდულ ნიშნულს - 74 პროცენტს მიაღწია. გარდა ამისა, IFC-მ 128 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების  საკონსულტაციო მომსახურება გასწია 62 პროექტის ფარგლებში. ამ პროექტების მიზანი რეგიონში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ბაზრის შექმნა იყო.   

„რანა კარადშეს დიდი ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესი აქტივი იქნება ისეთ დროს, როცა COVID-19-ით უკვე დასუსტებული ევროპა არაერთი შოკის წინაშე დგას - ომი უკრაინაში, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური პირობების გამკაცრება და სხვა.  დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით IFC შეძლებს ღონისძიებების დაჩქარებას კერძო სექტორის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გააფართოებს პროგრამას რეგიონის „მწვანე“, მედეგი და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად," განაცხადა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში, ალფონსო გარსია მორამ.

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. საკუთარ კაპიტალს, გამოცდილებას და გავლენას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი 100-ზე მეტ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში იყენებს ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2022 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 32.8 მილიარდი დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რათა კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი შეესრულებინა უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად.