ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 30 ივნისის მდგომარეობით, 22.3 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 104.8%-ია.
სებ-ის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:
- სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.2 მლრდ აშშ დოლარი (29.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.8%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.6%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 899.0 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.2%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2%) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9%).
- საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.6 მლრდ აშშ დოლარი (16.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.8%). მთლიანი საგარეო ვალის 89.9% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (38.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 61%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.2 მლრდ აშშ დოლარია (18.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.2%-ს შეადგენს.