LIVE

არასამთავრობო სექტორი HACCP-ის შემდგომი ეტაპის შესაძლო გადავადებას აკრიტიკებს

29 სექ 202214:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
არასამთავრობო სექტორი HACCP-ის შემდგომი ეტაპის შესაძლო გადავადებას აკრიტიკებს

არასამთავრობო სექტორის ნაწილი HACCP-ის, იგივე  საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემის გადავადებას არ ემხრობა და მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაციის გადავადების შემთხვევაში, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემა კიდევ დიდი ხანი ვერ შეიქმნება. 

როგორც "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, რეგულაციის გადავადება კანონისადმი დაუმორჩილებლობის წახალისებაა. ამიტომ, მთავრობა ვალდებულია კანონით დადგენილ ვადებში რეფორმის გატარებას ხელი შეუწყოს.

"HACCP-ის სისტემა არ არის რაღაც ახალი, ასოცირების ხელშეკრულებით მიერ ნაკისრი ვალდებულებაა და ბიზნეს ოპერატორებს მთელი ეს წლები ისედაც ჰქონდათ გონივრული ვადა, რომ მომზადებულიყვნენ, თადარიგი დაეჭირათ. რეგულაციის გადავადებით კი მივიღებთ იმას, რომ ის მეწარმეები, რომლებიც რეფორმებს უწყობენ ფეხს და საამისოდ საჭირო ხარჯებსაც სწევენ, არაკონკურენტულ მდგომარეობაში დგებიან, მათთან შედარებით, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა და თანამედროვე ტენდენციებს ანგარიშს არ უწევს",- ამბობს ვახტანგ კობალაძე.

საქართველოს მთავრობისადმი მიწერილ ღია წერილს ხელს აწერს 8 არასამთავრობო სექტორი:

  • სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
  • გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
  • საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია;
  • სტარ კონსალტინგი;
  • ISO Consulting საქართველო.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, HACCP-ის სისტემის ბოლო ეტაპის დანერგვა შესაძლოა 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდეს. სააგენტომ ამ ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიმართა და საკითხზე მსჯელობა დაწყებულია. ბიზნესის უმეტესობა რეგულაციის გადავადებას ემხრობა.