LIVE

HACCP-ის სისტემის შემდგომი ეტაპის დანერგვა შესაძლოა გადავადდეს

29 სექ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1138
HACCP-ის სისტემის შემდგომი ეტაპის დანერგვა შესაძლოა გადავადდეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, HACCP-ის, იგივე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემის, ბოლო ეტაპის დანერგვა შესაძლოა 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდეს.

სააგენტო მიიჩნევს, რომ მიუხედავად გონივრული ვადის მიცემისა, ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ობიექტების უმეტესობა ჯერ ისევ არაა მზად ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად. 

აღსანიშნავია, რომ HACCP-ის სისტემის ბოლო ეტაპი შეეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის ბიზნესოპერატორს, რომელიც ცხოველურ სურსათს ნებისმიერი ფორმით გადაამუშავებს ან აწარმოებს.

რეგულაციის 2025 წლამდე გადავადების ინიციატივას ეთანხმება ბიზნესის უმეტესობაც. როგორც „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, ახალი სტანდარტების დანერგვა დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს და ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა რეგიონებშია. 

"HACCP-ის სტანდარტი მოითხოვს სამზარეულოს განახლებას და კიდევ ძალიან ბევრი დეტალის გაკეთებას, რემონტს. ეს კი დაკავშირებულია ხარჯებთან და დაახლოებით აქ იგულისხმება 15 ათასი ლარი, ან მეტიც. მიუხედავად ტურისტული ნაკადის ზრდისა, განსაკუთრებით რეგიონებში, 15-20 ათასი ლარი არავის არ აქვს. ამიტომ რეგულაციის გადავადება კარგია, მაგრამ ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს კერძო სექტორმა. ვისაც ფინანსური რესურსი აქვს, მან თავისი ინფრასტრუქტურა უნდა განაახლოს",- ამბობს ლევან ქოქიაშვილი. 

მიღმა რეგულაციის გადავადებისა, ბიზნესის ნაწილი დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მომხრეცაა. კერძოდ, "საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის" შოთა ბურჯანაძის თქმით, HACCP-ის სისტემის სრულყოფილი დაცვა ძველ ობიექტებზე ხშირად შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია გარკვეული შეღავათების დაწესება და ინდივიდუალური მიდგომა.

"მაგალითად, როცა რესტორნის ფართი ჯამში 70 კვ.მ-ია და მას ჰყავს 10-ზე ნაკლები მომსახურე პერსონალი, ასეთი სივრცე იმავე სტანდარტით არ უნდა მუშაობდეს როგორც პირობითად, 50 მომსახურე პერსონალით დაკომპლექტებული 1000 კმ.მ-იანი სივრცე. ანუ, უნდა განვასხვაოთ კაფე-ბარები თუ კლუბები ერთმანეთისგან და ისინი არ უნდა მოხვდნენ ერთიან სტანდარტში. ზუსტად ამას ითხოვს ბიზნესი",- აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ HACCP-ის, იგივე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემა, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. სისტემის პირველი ეტაპი 2021 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა. რეფორმის შემდგომი ეტაპი კი წესით (თუ საქართველოს მთავრობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივას არ დააკმაყოფილებს) 2023 წლის 1-ელ ივნისს უნდა ამოქმედდეს.