LIVE

პუტინი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

28 სექ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1253
პუტინი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ეს უკრაინაში მოსკოვის შვიდთვიანი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე ხდება.

რუსეთმა მის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაჩქარევად ორგანიზებულ „რეფერენდუმებში“ გამარჯვებები გამოაცხადა და მათი შთანთქმისთვის მოემზადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო კენჭისყრა და მას უკანონო უწოდა იმ ფონზე, რომ ხალხს რეფერენდუმში მონაწილეობას იარაღის გამოყენებით აიძულებდნენ.

ევროპული გაზის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსულმა სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა დასავლეთ ევროპა გააფრთხილა, რომ შესაძლოა უკრაინის გავლით მიწოდება შეწყვიტოს. ეს სიახლე მოჰყვა ცნობებს, რომ ბალტიის ზღვაში, ამჟამად უმოქმედოდ მყოფ Nord Stream მილსადენიდან უზარმაზარი გაჟონვა შეიძლება რუსული დივერსიის შედეგი იყოს.

”ეს არის სიგნალი რუსეთისგან. ეს გვიჩვენებს, თუ რა საშუალებებსა და მექანიზმებს მიმართავენ რუსები ევროპის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციისთვის“, - თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ.

ენერგომომარაგების შესახებ ახალი გაფრთხილებით, დამატებით 300 000 ჯარისკაცის მობილიზებითა და მინიშნებებით, რომ შესაძლოა რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, კრემლი აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ იგი მზად არის კონფლიქტისთვის. აშშ-სა და ევროპაში მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ რუსეთი აღნიშნულ კონფლიქტში გამარჯვებას ვერ შეძლებს. ამავდროულად, უკრაინის ძალები სტაბილურად უკუაგდებენ რუსულ ძალებს მიწებზე, რომლის ანექსირებასაც მოსკოვი აპირებს.

მოსკოვში ოფიციალური პირები ამ ეჭვებს უარყოფენ და დარწმუნებულნი არიან, რომ მობილიზაცია სამხედროებს საშუალებას მისცემს საბრძოლო ველზე დანაკარგები შეამცირონ და კიევის მხარდამჭერებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაზის მიწოდების შემცირების შემდეგ, მოსკოვი იმედოვნებს, რომ მაქსიმალურად დიდ დარტყმას მიაყენებს ევროპას, რომელსაც ზამთარში რეკორდულად მაღალი ენერგო ფასები და მიწოდების შემცირების საფრთხე უკვე ემუქრება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია