LIVE

სებ-ი ტურიზმიდან შემოსავლებში ტურისტებისა და მიგრანტების გამიჯვნას არ აპირებს

26 სექ 202219:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 846

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ტურისტებისა და მიგრანტების გამიჯვნას არ აპირებს, თუმცა ირწმუნება, რომ სტატისტიკაში მიგრანტების ეფექტი უკვე ასახულია.

"რუსეთიდან მიგრაციის პირობებში გაიზარდა ხანგრძლივი ვადით დამრჩენი ვიზიტორების რაოდენობა, რომელთა ხარჯვის სტრუქტურაც განსხვავებულია, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტის. ასეთი ხანგრძლივი ვადით დამრჩენთა ხარჯვის განსხვავებული სტრუქტურა უკვე ასახული გვაქვს სტატისტიკაში. ეს მონაცემები უკვე ასახულია თვის მიმოხილვის სექტემბრის გამოცემაში, ისევე როგორც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში. ასევე, სექტემბრის ბოლოს აღნიშნული მონაცემები აისახება საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკაში, სადაც უფრო დეტალურადაა ხოლმე წარმოდგენილი საგარეო შემოდინებები და გადინებები",- განუცხადეს სებ-ში "ბიზნეს ფორმულას".

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაში მიგრანტებთან დაკავშირებით, ვკითხულობთ მხოლოდ ერთ წინადადებას: "რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსული ხალხის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მათი ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობაც გაზრდილია". შესაბამისად, ხარჯებში რა წილი უჭირავთ მიგრანტებს, უცნობია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 163.1%-ითაა (324 მლნ დოლარი) გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი აგვისტოს შედეგები 26.7%-ით (110 მლნ დოლარი) აჭარბებს.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთი ლიდერობდა. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 133 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს.