LIVE

Apple ინდოეთში iPhone 14-ის წარმოებას იწყებს

26 სექ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
Apple ინდოეთში iPhone 14-ის წარმოებას იწყებს

Apple ახალი iPhone 14-ის წარმოებას ინდოეთში მოსალოდნელზე ადრე დაიწყებს, რადგან წარმოების პროცესი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავად კომპანიას წარმოედგინა.

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ჩინეთიდან ინდოეთში წარმოების ნაწილის გადატანის შესახებ ახალი მოდელის ტელეფონების გამოშვებიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში განაცხადა.  

კომპანიამ ჯერ კიდევ აგვისტოში გაამჟღავნა, რომ თანამშრომლობდა მიმწოდებლებთან, რათა ინდოეთში წამოება გაეძლიერებინა და ჩინეთის საწარმოებში არსებული ჩამორჩენა შეემცირებინა

Apple, რომელიც დიდი ხანია iPhone-ების უმეტესობას ჩინეთში უშვებს, ეძებს ალტერნატივებს იმ ფონზე, როცა სი ძინპინის ადმინისტრაცია აშშ-ის მთავრობას უპირისპირდება და პანდემიის გამო, ჩინეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით "ლოკდაუნს" აცხადებს, რაც ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. ამავდროულად, ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის ადმინისტრაციას სურს, ქვეყანა, ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთის კონკურენტი გახდეს.

Bloomberg News-ის ინფორმაციით, Foxconn Technology Group-მა, iPhone-ების მთავარმა მწარმოებელმა, შეისწავლა ჩინეთის საწარმოდან ნაწილების სამხრეთ ინდოეთში გადატანისა და იქ მისსავე ქარხანაში აწყობის პროცესი. 

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ პროცესში მისი მაღალი სტანდარტი შენარჩუნებული იქნება. კომპანიისთვის ინდოეთის წარმოების გაზრდისთვის ერთ-ერთი გამოწვევა კონფიდენციალურობაა, რადგან Apple უკიდურეს ზომებს მიმართავს ახალი პროდუქტის დეტალების გასაიდუმლოებისთვის და იგივე მკაცრი კონტროლის დაწესება მეორე ქვეყანაში კომპანიისთვის რთული იქნება. 

J.P.Morgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple 2022 წლის ბოლოდან ინდოეთში iPhone 14-ის წარმოების დაახლოებით 5%-ს გადაიტანს. 

ანალიტიკოსები ასევე მოელიან, რომ Apple საბოლოოდ ახალ iPhone-ებს ორივე ქვეყნიდან დაახლოებით ერთდროულად გამოუშვებს, რაც Apple-ის მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

Apple-ის პარტნიორებმა iPhone-ების დამზადება ინდოეთში 2017 წელს დაიწყეს, რაც ქვეყანაში წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად მრავალწლიანი ძალისხმევის დასაწყისი იყო. ჩინეთის შემდეგ, ინდოეთი სმარტფონების მეორე უმსხვილესი ბაზარია. ასევე, ნარენდრა მოდის ადმინისტრაცია, Make in India პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს ფინანსურ სტიმულს სთავაზობს ტექ. წარმოებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სანკალპ ფართიალი