Apple-ი iPhone 14-ის წარმოების დაწყებას ინდოეთში გეგმავს, რაც ჩინეთიდან პროდუქტის პირველადი გამოშვებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ მოხდება.
კომპანია თანამშრომლობს მიმწოდებლებთან, რათა გააძლიეროს ინდოეთში წაემოება და შეამციროს ახალი ახალი iPhone-ის წარმოებაში წარმოქმნილი შეფერხებები. Apple-ი, რომელიც დიდი ხანია iPhone-ების უმეტესობას ჩინეთში აწარმოებს, ალტერნატივებს ეძებს, რადგან სი ძინპინის ადმინისტრაცია აშშ-ს მთავრობასთან ვერ თანხმდება. ამასთან, ჩინეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით აწესებს ლოკდაუნებს, რაც ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს.
Apple-მა და Foxconn-მა, iPhone-ების მთავარმა მწარმოებელმა, საბოლოოდ დაადგინეს, რომ ინდოეთსა და ჩინეთში წარმოების ერთდროული დაწყება მიმდინარე წელს არარეალურია, თუმცა კომპანიებისთვის ეს გრძელვადიან მიზნად რჩება. საკითხთან დაახლოებული პირების თქმით, პირველი iPhone 14-ის წარმოება ინდოეთში ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში დასრულდება. კომპანიისთვის ამბიციური სამიზნე დივალის ფესტივალი იქნება, რომელიც 24 სექტემბერს დაიწყება.
ინდოეთისთვის ჩინეთის წარმოების ტემპის გამეორება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ქვეყანა ცდილობს ალტერნატივად პოზიციონირდეს ჩინეთში Covid-შეზღუდვების და აშშ-ს სანქციების ფონზე, რომელიც ქვეყნის "მსოფლიო ქარხნის" სტატუსს აზიანებს.
Apple-ის პარტნიორებმა iPhone-ების დამზადება ინდოეთში 2017 წელს დაიწყეს, რაც ქვეყანაში წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად მრავალწლიანი ძალისხმევის დასაწყისი იყო. 1.4 მილიარდიანი ქვეყანა პერსპექტიული სამომხმარებლო ბაზარია. ასევე, მოდის ადმინისტრაცია Make in India პროგრამის ფარგლებში კომპანიებს ფინანსურ სტიმულს სთავაზობს ტექ. წარმოებისთვის.
თუმცა, კომპანიისთვის ინდოეთის წარმოების გაზრდისთვის ერთ-ერთი გამოწვევა კონფიდენციალურობაა. Apple უკიდურეს ზომებს მიმართავს ახალი პროდუქტის დეტალების გასაიდუმლოებისთვის და იგივე მკაცრი კონტროლის დაწესება მეორე ქვეყანაში კომპანიისთვის რთული იქნება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარიტა რაი