
კომპანია Apple-მა iPhone 14-ის პირველ ერთეულებში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, პროგრამული განახლება გამოუშვა.
განახლება, სახელწოდებით iOS 16.0.2, აგვარებს აპლიკაციების, მათ შორის, TikTok-ისა და Instagram-ის გამოყენების დროს კამერასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას iPhone-ის ახალი ვერსიები გამოვიდა, მომხმარებლები სოციალურ ქსელში ჩიოდნენ, რომ აპლიკაციების გამოყენებისას Pro და Pro Max მოდელის ტელეფონები არასტაბილურ ვიდეოებს და ბუნდოვან ფოტოებს იღებდა. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ ტელეფონებს უცნაური ვიბრაცია ჰქონდათ.
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ასევე აგვარებს პრობლემებს, რომლებიც ზოგიერთ მოწყობილობაზე ეკრანის გაშავებას და VoiceOver ფუნქციის გაუმართაობას იწვევს. განახლებით ასევე გადაიჭრება ძველ მოდელებზე ეკრანის რეაგირების არქონის პრობლემა.
ეს iPhone 14-ისთვის მეორე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა. კომპანია მომავალ თვეს, iPadOS 16-ის გამოშვებასთან ერთად, კიდევ ერთ განახლებას, iOS 16.1-ს გეგმავს. ეს iPhone 14-ს ნოემბერში საგანგებო სიტუაციებში სატელიტური შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას მისცემს.
iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max კომპანია Apple-მა 7 სექტემბერს წარადგინა. მათი შეძენა მომხმარებლებს საქართველოშიც შეუძლიათ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმენი