LIVE

23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა - მინისტრი

23 სექ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ცენტრებს კონსულტაციისთვის 61 000-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა მიმართა.

როგორც მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას აღნიშნა, 27 800-ზე მეტმა მოქალაქემ სამუშაოებში ჩართვაზე თანხმობა განაცხადა და 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა.

„3 000-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა აირჩია ღია შრომის ბაზარზე დასაქმება. 4 300-მა ადამიანმა მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება. 600-მდე სოციალურად დაუცველმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამის შემდეგ, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებას შევთავაზებთ. ამასთან, 23 000-მა გაიარა კონსულტაცია, მაგრამ ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აქედან 2 300 პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მოქალაქეს სამუშაოს დაწყების შიშის დაძლევაში ეხმარება.

„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა აქვს, ასევე, ამ ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთან, პირი იძენს უნარებს, სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ცნობისთვის, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას აანონსებდა. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.