LIVE

რაზე შეთანხმდნენ სუამ-ის წევრი ქვეყნები - სამინისტროს განმარტება

22 სექ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 900
რაზე შეთანხმდნენ სუამ-ის წევრი ქვეყნები - სამინისტროს განმარტება

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე საქართველომ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ოქმი სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის "კუმულაციური" პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. 

"გაფორმებული ოქმი სუამ-ის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შემდეგ, პროდუქტს იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი მიენიჭება, სადაც საბოლოო სახეს მიიღებს. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების ამოქმედება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში, ისე სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობის განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას",- აცხადებენ სამინისტროში.

ოთხ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს  გაავრცელა.

სუამი, იგივე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, რომლის წევრები საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა არიან. წელს სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა.