LIVE

ევროპული დიზელის ბაზარზე ახლო აღმოსავლეთი რუსეთს ანაცვლებს

24 სექ 202214:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
ევროპული დიზელის ბაზარზე ახლო აღმოსავლეთი რუსეთს ანაცვლებს

ევროპის სწრაფვა, თავი დააღწიოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას, წინ მიიწევს. კონტინენტი სულ უფრო აქტიურად ეყრდნობა დიზელის საწვავის მომწოდებლებს ახლო აღმოსავლეთიდან.

Vortexa-ს მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთის წილი დიზელისა და ბენზინის იმპორტში მიმდინარე თვეში 31%-მდე გაიზრდება, მაშინ როდესაც გასული 12 თვის საშუალო მაჩვენებელი 19% იყო. რუსული წარმოშობის ტვირთების წილი კი 51%-დან 39%-მდე შემცირდება.

ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ თავიანთი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას, სანამ ბლოკი რუსული საწვავის საზღვაო გზით იმპორტს აკრძალავს. აღნიშნული აკრძალვა თებერვლიდან ამოქმედდება, როგორც სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრისთვის სჯის. ამავდროულად, ბუნებრივ აირზე გაზრდილმა ფასებმა აიძულა ზოგიერთი კომპანია, გადაერთოს ნავთობპროდუქტებზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს საწვავის მარაგს.

„ვინაიდან ევროკავშირის სანქციები მალე ამოქმედდება, ევროპას მოუწევს ახლო აღმოსავლეთიდან იმპორტის გაძლიერება, რადგან მომავალი წლის დასაწყისიდან რუსული დიზელის ნაკადები შემცირების წინაშე დგას“,- თქვა ჯონათან ლეიჩმა, Turner, Mason & Co-ის ნავთობის ანალიტიკოსმა.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახლო აღმოსავლეთიდან დიზელის იმპორტი დღეში 509 000 ბარელია, რაც 2019 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი ნაკადები ევროპაში შემცირებული რუსული მიწოდების ეფექტს ამსუბუქებს. სეზონურმა სამუშაოებმა შეერთებულ შტატებსა და ინდოეთში ასევე შეზღუდა მიწოდება ევროპაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ახლო აღმოსავლეთის როლს.

ცნობისთვის, Insights Global-ის მონაცემებით, დიზელისა და ბენზინის მარაგები ევროპის დამოუკიდებელ საცავებში, ამსტერდამი-როტერდამი-ანტვერპენის კვანძში, 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ სეზონურ დონეზეა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრეჯულა პრემი