LIVE

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორნიშნა ზრდაზე ისაუბრეს - მთავრობის ადმინისტრაცია

17 სექ 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ორნიშნა ზრდაზე ისაუბრეს - მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს.

"აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა.

საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7000-მა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება. 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო, რასაც ექსპერტების ნაწილი მიგრანტების, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობით ხსნის. მათ შორი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება.

ამასთან, გასულ თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში ასევე რუსეთი ლიდერობდა. აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 133 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს ჯამური მონაცემებით კი რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 468 მლნ დოლარი დახარჯეს. ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საზღვარი 800 ათასამდე რუსმა გადმოკვეთა.