LIVE

Credit Suisse-ის ტრასტმა შეცდომა აღიარა

16 სექ 202216:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 871
Credit Suisse-ის ტრასტმა შეცდომა აღიარა

Credit Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მისი ანგარიშებიდან არაავტორიზებული გადარიცხვების შესახებ ვერ აცნობა. ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სინგაპურის სასამართლო დავის შედეგი განსაზღვროს.  

სასამართლო პროცესის პირველი ცხრა დღის განმავლობაში, ლი ენ ბენი, შპს Credit Suisse Trust-ის (სინგაპური) წამყვანი ადვოკატი, ამტკიცებდა, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების ადმინისტრირებით და პასუხისმგებლობა მაგნატს ან მის ქართველ ბიზნეს-მრჩეველს ეკისრებოდა. თუმცა დღეს ლიმ აღიარა, რომ ტრასტი არღვევდა მისი მოვალეობებს ივანიშვილის ინვესტიციებთან მიმართებით.

"მოპასუხე აღიარებს, რომ 2008 წლის 31 დეკემბერს უნდა გადაედგა გონივრული ნაბიჯები Meadowsweet Assets Limited-ის საბანკო ანგარიშებიდან არასანქცირებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით, მათ შორის, უშუალოდ დაჰკავშირებოდა ბატონ ივანიშვილს, რათა შეემოწმებინა Meadowsweet-ის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვების სისწორე".

CS Trust-ის იურიდიული გუნდი სტრატეგიის ცვლილებით ცდილობს შეამსუბუქოს თანამშრომლების საზიანო ჩვენებების პოტენციური შედეგი.

ივანიშვილი CS Trust-ს $800 მილიონი ზარალის და დაკარგული შემოსავლის გამო უჩივის. ივანიშვილმა გასულ კვირას ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ რუსულ აქციებში გარკვეული ინვესტიციის გარდა, რომელიც მან Credit Suisse-ის მეშვეობით ადრეულ ეტაპზე განახორციელა, "ვერაფერი მოახერხა" და ეს საინვესტიციო გადაწყვეტილებები თაღლით ბანკირ პატრის ლესკოდრონს მიანდო.   

სინგაპურში ივანიშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. განაჩენი კი ცნობილი 2023 წლის პირველ კვარტალში გახდება.

ივანიშვილმა მიმდინარე წელს მოიგო $607 მილიონი ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ ადგილობრივმა Credit Suisse-ის სიცოცხლის დაზღვევის ერთეულმა "თვალი დახუჭა" პატრის ლესკოდრონის თაღლითობაზე. CS Life ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰიუგო მილერი