LIVE

საარსებო მინიმუმი 246 ლარი და 80 თეთრია - საქსტატი

15 სექ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 691
საარსებო მინიმუმი 246 ლარი და 80 თეთრია - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 25.7 ლარით გაიზარდა და 246.8 ლარი შეადგინა. ეს საქართველოში საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხაა, რომელიც ერთმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცმა თვის განმავლობაში უნდა იმყოფინოს. 

მაჩვენებელი ივლისთან შედარებით 1.5 ლარით არის გაზრდილი. 

ამასთან, აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 218.6 ლარი იყო, რაც 22.8 ლარით აღემატება 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელს.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება:

  • მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის;
  • მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის;
  • ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას საქსტატი ადგენს საკვების შესაძენ თანხას, რომელიც კალორიების საჭირო რაოდენობას უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხა განისაზღვრება, როგორც საარსებო მინიმუმის 70%, შესაბამისად, დარჩენილი არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებით და ეს მაჩვენებელი მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იანგარიშება. მაჩვენებლის გაუქმების მომხრეა საქსტატიც, თუმცა პროცესს ის ფაქტი აფერხებს, რომ საარსებო მინიმუმის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება.