რუსეთს Nord Stream-ის გავლით, ევროპისთვის გაზის მიწოდება ხვალ უნდა აღედგინა, მაგრამ Gazprom-ის განცხადებით, მილსადენზე თავი ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინა, რის გამოც, აღდგენა ფერხდება. კომპანია ნაკადის განახლების ახალ თარიღს არ ასახელებს.
დღეს შუადღისას ცნობილი გახდა, რომ მიწოდება დაგეგმილ ვადაში განახლდებოდა, რაც ბაზრისთვის მნიშვნელოვანი შვება იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებს და ანალიტიკოსებს ზამთარში მიწოდების უფრო ხშირი შეჩერების შიში აქვთ. სიახლის ფონზე, გაზის ფასმა დაიწია.
მილსადენის ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული შეკვეთების ჩანაწერები მიანიშნებდა, რომ ნაკადები ხვალ, ბერლინის დროით დილის 2 საათიდან, შეჩერებამდე არსებული სიმძლავრით უნდა განახლებულიყო. თუმცა, შეკვეთები რეალური მიწოდების გარანტია არ არის და, როგორც წესი, ნაკადის დაგეგმილ დონემდე აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება.
მილსადენს დღეში დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრის გატარება შეუძლია, თუმცა რუსეთი კვირების განმავლობაში Nord Stream 1-ის მილსადენით გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის. რუსეთი ამის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
რუსული სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გუშინ ასევე მიანიშნა, რომ ქვეყანა გრაფიკს დაიცავდა და მიწოდებას აღადგენდა.
Gazprom-მა, Nord Stream-ის მეშვეობით, რუსეთიდან ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 3 დღით შეუჩერა.
დღეს გაზის ევროპული საორიენტაციო ღირებულება 10%-მდე შემცირდა და დილით ამსტერდამში ვაჭრობის დროს 220.35 ევრო შეადგინა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენა მაზნევა