LIVE

თურქეთის სავაჭრო დეფიციტი ივლისში რეკორდულ დონემდე გაიზარდა

29 აგვ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
თურქეთის სავაჭრო დეფიციტი ივლისში რეკორდულ დონემდე გაიზარდა

ენერგიაზე გაზრდილი ხარჯების ფონზე თურქეთის სავაჭრო დეფიციტი ივლისში რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

ყოველთვიურმა სხვაობამ იმპორტსა და ექსპორტს შორის $10,7 მილიარდს მიაღწია, რაც აღემატება Bloomberg-ის გამოკითხვის საშუალო შეფასებას - $10,6 მილიარდს. 1984 წლის შემდეგ, ეს თურქეთისთვის სავაჭრო დეფიციტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

თურქეთის სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს თანახმად, იანვარ-ივლისის სავაჭრო დეფიციტმა $62,2 მილიარდი შეადგინა, რაც 143,7%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. 

ივლისში თურქეთიდან ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 13.4%-ით გაიზარდა და $18.6 მილიარდი შეადგინა, იმპორტი კი 41.4%-ით გაიზარდა და $29.2 მილიარდს მიაღწია.

მინერალური ზეთების იმპორტი 95,7%-ით, $4 მილიარდიდან $7,7 მილიარდამდე გაიზარდა. იმპორტის მთავარი წყარო რუსეთია. 

ამავე პერიოდში მინერალური ზეთებისა და გადამუშავებული პროდუქტების ექსპორტი 169%-ით გაიზარდა და $1,69 მილიარდს მიაღწია. ოქროსა და ძვირფასი ლითონების იმპორტი კი 600%-ით გაიზარდა, $2 მილიარდამდე. 

თურქი პოლიტიკის შემქმნელები ექსპორტის გაზრდას ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკით ცდილობენ და იმედოვნებენ, რომ იაფი კრედიტები წარმოებასა და ექსპორტს დაეხმარება, მაგრამ სესხების გაზრდილმა მოცულობამ და ძლიერმა შიდა მოთხოვნამ ასევე გაზარდა იმპორტი და შესაბამისად, გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა.

თურქეთის საგარეო სავაჭრო ბალანსის პერსპექტივა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ენერგიაზე გაზრდილი ფასის შემდეგ გაუარესდა. რუსეთი, რომელიც ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარი წყაროა, თურქეთს უფლებას აძლევს, გარკვეული თანხები რუბლებში გადაიხადოს. აგვისტოში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების დეტალები ამ დრომდე უცნობია.

თურქეთის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები 31 აგვისტოს გახდება ცნობილი, ამასთან, თურქსტატი აგვისტოს ინფლაციის შედეგებს 5 სექტემბერს გამოაქვეყნებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმენი