LIVE

გერმანია ენერგიის დასაზოგად ახალ ზომებს იღებს

25 აგვ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 679
გერმანია ენერგიის დასაზოგად ახალ ზომებს იღებს

გერმანიის მთავრობამ ზამთარში ენერგიის დაზოგვის მიზნით გასატარებელი ზომები დაამტკიცა. ქვეყნის მთავრობას სურს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება 2%-ით შეზღუდოს, რათა რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით,  ახალი წესებით, ოჯახების, კომპანიებისა და საჯარო სექტორის დანაზოგმა შესაძლოა დაახლოებით 10,8 მილიარდი ევრო შეადგინოს.

ახალი ზომებით, 1 სექტემბრიდან საზოგადოებრივი შენობები (საავადმყოფოების გარდა), მაქსიმუმ 19C-მდე უნდა გათბეს. გათბობა შეიძლება მთლიანად გამოირთოს შესასვლელებსა და დერეფნებში.

არ განათდება მონუმენტები და შენობების ფასადები, ბიზნესს შესაძლოა აეკრძალოს მაღაზიების ღამით განათება. 

ასევე შეიძლება აიკრძალოს კერძო საცურაო აუზის გათბობა. 

ამასთან, გერმანია სამგზავრო გადაადგილებასთან შედარებით, პრიორიტეტს ქვანახშირის და ნავთობის მატარებლებს მიანიჭებს, რის გამოც, მგზავრებისთვის მატარებლის მოლოდინის დრო გაიზრდება.

დაზოგვის ღონისძიებებთან ერთად, გერმანია ასევე მუშაობს ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროზე თხევადი ბუნებრივი გაზის ორი ტერმინალის მშენებლობაზე, რაც ბუნებრივი აირის შენახვის საშუალებას მისცემს. 

ქვეყნის მთავრობა გეგმავს, რომ ენერგიის დაზოგვის შესახებ საინფორმაციო კამპანია აწარმოოს და მოსახლეობას აუხსნას როგორ შეამცირონ მისი მოხმარება. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, გერმანია ბუნებრივი აირის 55%-ს რუსეთიდან იღებდა. ქვეყანამ მოახერხა, რომ ეს მაჩვენებელი 35%-მდე შეემცირებინა და ამასთან, პირობა დადო, რომ იმპორტს მთლიანად შეწყვეტს.

ამ დროისთვის ის მაინც რჩება რუსული ბუნებრივი აირის უმსხვილეს ბაზრად, რომელმაც რუსეთს ომის პირველ ორ თვეში ნავთობსა და გაზში თითქმის 9 მილიარდი ევრო გადაუხადა. 

რუსეთი  Nordstream 1-ის ძირითადი მილსადენით გერმანიას გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის და ამის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. ეჭვობენ, რომ რუსეთმა ზამთარში შესაძლოა, სრულად შეწყვიტოს გაზის მიწოდება. 

გერმანიასთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ აიღო ვალდებულება ზამთარში ნებაყოფლობით შეამციროს გაზის 15%-ით მოხმარება, თუმცა სერიოზული დეფიციტის შემთხვევაში, ეს წესი სავალდებულო გახდება. ამავდროულად, ესპანეთმა, ენერგიის დაზოგვის მიზნით, უკვე შემოიღო წესები, რომლებიც ზღუდავს საჯარო და დიდ კომერციულ შენობებში ტემპერატურის გათბობა-გაგრილებას.