LIVE

კალაძე Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე: რეკეტია, შეიძლება მეტიც

22 აგვ 202213:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 693
კალაძე Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე: რეკეტია, შეიძლება მეტიც

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკის Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. მისი განმარტებით, ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა შესაძლოა, რეკეტზე მეტიც იყოს. 

„რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც. რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან მრავალწლიანი დავა აქვს. ბანკთან დაპირისპირების ახალი ეპიზოდი Credit Suisse-ის ტრასტის მიერ ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვების შეფერხებებს უკავშირდება. ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი ხსენების გამო, ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. ამის გამო ივანიშვილი ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და ამასთან, ბანკთან არსებულ პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.